რა არის თავისუფლება?  

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

goldfish jumping out of the water

თავისუფლება არის შეცნობილი აუცილებლობა

/გ. ჰეგელი/

ადამიანი არის თავისუფალი არსება, რაც გამოიხატება ნებელობის ქონაში. როცა სიტყვა „თავისუფლებას“ ვანიჭებთ ატრიბუტის ფუნქციას და ვამბობთ: „თავისუფალი ადამიანი“, „თავისუფალი ნება“, ჩვენ უნდა გავარკვიოთ რას ნიშნავს ეს ფილოსოფიური ცნება. თავისუფლება თავიდან ბოლომდე არის ეთიკური ცნება. ადამიანის ერთ-ერთი დეფინიცია მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი თავისუფალი ნებელობის მატარებელი არსებაა. ადამიანი ვლინდება მის არჩევანში (ადამიანი=არჩევანი).

სიტყვები ერთია, ფიქრები და განცდები – მეორე, ხოლო ყოველივე ამის გამოხატვა – კიდევ სხვა. თავისუფალია ის, ვინც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას, რასაც იტყვის და გაიაზრებს. მაგარმ ხშირად ადამიანები რასაც ვფიქრობთ, იმავეს არ გადმოვცემთ, ვამბობს სულ სხვა რამეს და უფრო უარესი – ვაკეთებთ ნათქვამის საწინააღმდეგოს. ამის შემდეგ, ვართ კი ადამიანები თავისუფალი ნების მატარებლები?

ადამიანის დამოუკიდებლობა თავისუფალი ნებით სარგებლობაა. ჩემი აზრით, ადამიანი იქამდეა თავისუფალი, სადამდედაც ვრცელდება მისი დამოუკიდებლობა სხვა ადამიანებთან მიმართებაში.

თავის მხრივ, უნდა ითქვას, რომ სწორედ ჭეშმარიტების ძიებამ მიიყვანა ადამიანი თავისუფლებამდე. „ეძიებდეთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (ბიბლია). ფილოსოფია ჭეშმარიტების მაძიებელთა საერთო ენაა, რომელსაც მივყავართ აზროვნების თავისუფლებამდე.

freedom-cage1

ადამიანი თავისუფალი ნება კი ვლინდება საზოგადოებაში. გავიხსენოთ არისტოტელეს განმარტებას – „ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა“ – მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი სცილდება სოციუმს? თვითონ ამგვარი აქტიც, თუ ის მისი შეგნებული ნაბიჯის შედეგია, ხომ თავისუფალი ნების გამოხატულებაა? ამ დროს ის ვერ იყენებს თავისუფლებას? ადამიანი თავისუფალ ნებას იჩენს, როგორც სხვა ადამიანებთან მიმართებაში, ისე მათგან დამოუკიდებლად, თუნდაც მაშინ, როცა ის „განმარტოებულია“. როგორ ჰომეროსი ამბობს: „ის იყო ბოგანო, კანონგარეშე და უსახლკარო“.

„თავისუფალი ნება“ პარადოქსული ცნებაა. სხვადასხვა ეპოქაში მისი მნიშვნელობა და საზღვრები იცვლებოდა და უპირველეს ყოვლისა, რეგულირდებოდა სახელმწიფოს მიერ. მაგრამ პირადად ჩემთვის, უფრო საიტერესოა ის, თუ რა არის „თავისუფალი ნება“ „აქ“ და „ახლა“… თავისუფლება ჩემთვის არის სრულყოფილი ცნება, რომლის გამოხატვაც უნდა შეძლო, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გზითა და საშუალებით. იყო თავისუფალი, ნიშნავს იყო იდეალურ მდგომარეობაში, რომელსაც მხოლოდ ვუახლოვდებით და მარტო ერთეულთა ხვედირია თავისუფალი ნებელობის მიღწევა.

თავისუფლება, ერთგვარად, არის უსაზღვროება, რადგან მისი საზღვრებში მოქცევა და მოხელთება არც ისე ადვილია. აი ჩვენ – ადამიანები კი ვცდილობთ გარკვეული ჩარჩოები მოვუძებნოთ და დავადგონოთ ის, თუ სადამდე ვრცელდება ადამიანის თავისუფლება.

ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემ მიერ აღქმულ თავისუფალი ნების სქემას. ის, ჩემი აზრით, შედგება ეტაპებისგან. თითოეული მათგანის გადალახვის შემდეგ შენ ხდები უფრო მეტად თავისუფალი, ვიდრე იყავი წინა ეტაპზე. ამგვარი გაგების არსი მდგომარეობს იმაში, რომ საბოლოოდ, როცა უკვე გადალახავ თავისუფლების ყველა ეტაპს, მიაღწევ ე.წ. „სრულ თავისუფლებას“. თავისუფლების პირველი ზღვარი არის სირცხვილი, მეორე – სინანული, მესამე – შიში, მეოთხე – სინდისი და ბოლოს შეიძლება რომ მივაღწიოთ სიყვარულის თავისუფლებას, როცა ადამიანი ხდები ფილანტროპი – ყველა და ყველაფერი გიყვარს!

დასასრულ, თავისუფალი ნება ყალიბდება მაშინ, როცა ახდენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას – ვინმესთან გაიგივებას ან განსხვავებას. ფსიქოლოგიაში არის ემპათიის ცნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს შეუძლია სხვა ადამიანის პოზიციიდან სამყაროს აღქმა. ამგვარ უნარს სხვადასხვა ასპექტი აქვს: დაინახო სხვა შენს თავში, ან საკუთარი თავი დაინახო სხვაში. ეს აძლევს ადამიანს იმის შესაძლებლობას, რომ აღმოაჩინო შენს თავში მეტი სივრცე. ჩვენ, ყველანი, მივყვებით ცხოვრების დინებას და ვცდილობთ გადავლახოთ დაბრკოლებები: ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გამოიწვიოს ცხოვრებასთან ჭიდილში, რომ ამით გათავისუფლდეს და მიაღწიოს მიზანს – პიროვნულ თავისუფლებას!

გისურვებთ წარმატებებს!

Advertisements

Comments are closed.