ქორწინების ბეჭდის საიდუმლო

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

ring

ქორწინების ბეჭედს თავისი საიდუმლო აქვს; მას თავისი საკრალური მნიშვნელობა და დატვირთვა ენიჭება. ჩვეულებრივ, ამაზე არ ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, არ გვიჩნდება კითხვები:

  • რატომ არის ქორწინების ბეჭედი წრიული ფორმის?
  • რატომ არის დაკავშირებული მისი დაკარგვა ლამის ცრურწმენებთან კი?
  • რატომ ატარებენ კათოლიკეები მას მარცხენა ხელის არათითზე?

არსებობს გადმოცემაც ქორწინების ბეჭედთან დაკავშირებით. ლეგენდის თანახმად, შეყვარებული წყვილის მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ თავიანთი შვილების ქორწინებას. ერთ-ერთი მათგანის მამამ, რომელიც სახელმწიფოს მეფეც იყო, ასეთ ხერხს მიმართა: ბოროტ ჯადოქარს შეაქმნევინა ამ გოგოსა და ბიჭის იდენტური ასლები, რომელთაც გზა-კვალი უნდა აერიათ შეყვარებულებისთვის და ისინი სამუდამოდ დაეშორებინა ერთმანეთს. მაგრამ ჯადოქარმა, თურმე, ვერაფრით შეძლო შეექმნა ისეთივე მრგვალი “ჯადოსნური ბეჭდები”, როგორებიც შეყვარებულებმა ერთმანეთს უსახსოვრეს. სწორედ, ამ მიზეზის გამო გახდა შეუძლებელი შეყვარებულების დაშორება.

ლეგენდაში, საინტერესოა ის გარემოება, რომ ბეჭედი არის წრიული და არის ოქროსი. წრიულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან, ოდითგანვე, ის დაუსრულებლობის, მარადიულობისა და სრულყოფილების სიმბოლო იყო. წრეს ახასიათებს რაიმე ინფორმაციის მიღება, შენახვა და ჩაკეტვა, ისე, რომ მერე მისი გაცემა აღარ ხდება. იგივე წრიულობა, რომელიც ქორწინების ბეჭედს ახასიათებს, არის უკვე ქალისა და კაცის სიყვარულისა და ერთგულების უსაზღვროების სიმბოლო. ის სამუდამოდ ინახავს ქორწინების დროს შექმნილ დადებით მუხტს.

აი ოქროს რაც შეეხება, ის ყველაზე კეთილშობილი ლითონია. მას საოცარი მეხსიერება აქვს და კარგად ინახავს ყოველგვარ ემოციას. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ოქრო მფლობელის ხელში თავის ფერს იცვლის ხოლმე. ლეგენდის მიხედვით, ბოროტმა ჯადოქარმა, სწორედ, იმის გამო ვერ შეძლო ბეჭდების იდენტური ასლების შექმნა, რომ ისინი მფლობელთა სიყვარულით იყო დამუხტული, იმ სიყვარულით, რომლის კოპირებაც შეუძლებელია.

არის ტრადიცია იმისა, რომ ქორწინების ბეჭდები დაცული და უცხოთათვის ხელშეუხებელი უნდა იყოს. მისი ტარების უფლება მფლობელთა გარდა, არავის აქვს. მასზე უარის თქმას კი თითქოს თან ახლავს ოჯახური პრობლემები, კონფლიქტები და სხვა უთანხმოებანი. ბეჭდის დაკარგვით გამოწვეული უარყოფითი შედეგები ხშირად ფსიქოლოგიური ფაქტორითაა განპირობებული. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი ასეთ დიდ დატვირთვას ანიჭებს ამ პატარა ნივთს, მისი დაკარგვა უბედურების მომასწავებენ ნიშნად ესახება. ეს კი უკვე ნეგატიურ განწყობას ქმნის და თვითდაპროგრამებას უწყობს ხელს. აქ გაუცნობიერებელი შიშის სინდრომი იჩენს თავს, შიში, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას საფრთხეს უქმნის.

ქიროლოგთა სწავლების თანახმად, არათითი მზის თითია _ სიყვარულისა და გულის მფარველი. ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი შეხედულება, რადგან მრავალ კულტურაში მსგავსი დატვირთვა ენიჭება იმავე თითს და ამ თითზე ბეჭდის ტარებას. უფრო მეტიც, არათითზე სხვა ბეჭდის (უბრალო ბეჭდის) გაკეთებამ შეიძლება ამ თითის ენერგეტიკის დაბლოკვა გამოიწვიოს, როგორც ამბობენ  –  “ბედის ჩაკეტვა”. ამას გარდა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, ბეჭედს მარცხენა ხელზე ატარებს ადამიანი, თუ მარჯვენა ხელზე.

ძველინდური ტრადიციის (“ჰათჰა”-ს) თანახმად, ეს ასე შეიძლება აიხსნას: ადამიანის სხეულის მარჯვენა მხარე არის მამაკაცური ენერგიის მატარებელი და უკავშირდება მზეს ( სანსკ. “ჰა”), ხოლო მარცხენა მხარე ქალურ ენერგიის შემცველი და დაკავშირებული მთვარესთან (სანსკ. “თჰა”). მზის ლითონია ოქრო, მთვარის კი  –  ვერცხლი. ასე რომ, დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ, რომელი ხელის რომელ თითზე რა ლითონის ბეჭედი ატაროთ. თუ კათოლიკებს დავუჯერებთ, მარცხენა ხელი, ბედს უკავშირდება, ის გულთან ახლოსაა და ამიტომ ატარებენ მასზე ქორწინების ბეჭედს, ხოლო მარჯვენა ხელი ადამიანის შეგნებული მოქმედებებისა და გონების ხელია და მართლმადიდებლები ქორწინების ბეჭედსაც ამ ხელზე იკეთებენ.

წყარო:

https://en.wikipedia.org/wiki/Wedding_ring

Advertisements

Comments are closed.