ცინიკოსები – კონტრკულტურის პირველი ანტიკური წარმომადგენლები

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

უნდა ითქვას, რომ მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა სიტყვა “კონტრკულტურა”, როცა არ იცნობდა ამ ტერმინს არც ანტიკური სამყარო, არსებობენ კონტრკულტურის წარმომადგენლები. შეცდომა იქნებოდა, კონტრკულტურა მხოლოდ თანამედროვეობის კუთვნილებად შეგვერაცხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი, სწორედ, XX საუკუნის 60-იანი წლების დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ახალგაზრდული მოძრაობების – ბიტნიკებისა და ჰიპების – აღმნიშვნელად გამოიყენეს პირველად. კონტრკულტურის გაცილებით უფრო ძველ წარმომადგენლებს მაინც ვხვდებით ძველბერძნულ კულტურაში, კერძოდ კი ბერძნული ფილოსოფიის წარმომადგენელთა შორის.

57911343720071

ანტისთენე

მაინც რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ტერმინი კონტრკულტურა გავავრცელოთ უფრო ძველ ეპოქებზე?

ამის თქმის საშუალებას გვაძლებს თვითონ კონტრკულტურის, როგორც კულტურული ფენომენის არსი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: კონტრკულტურას წარმოშობს დაპირისპირება დომინანტ კულტურასა და ცალკეული ინდივიდის მსოფლმხედველობას შორის. ოღონდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს წინააღმდეგობა ჩნდება არა პოლიტიკურ, არა ეკომომიკურ და სოციალურ საფუძველზე, არამედ სულიერ ნიადაგზე. ხოლო ამგვარ სულიერ შეუთავსებლობას გაბატონებულ კულტურასა და ადამიანთა ცალკეულ ჯგუფს შორის ყოველთვის ჰქონდა ადგილი, ყოველ ეპოქაში.

ვინ იყვნენ კონტრკულტურის ანტიკური წარმომადგენლები?

არსებობდა ერთ-ერთი სოკრატული ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც ჩვენ კინიკების სახელწოდებით ვიცნობთ. კინიკური სკოლა, ანუ იგივე ცინიკური სკოლა ძვ. წ. 380 წელს დააარსა ანტისთენემ. ის იზიარებდა და თავის მხრივ, ავითარება სოკრატეს მოძღვრებას, კერძოდ კი მის მოძღვრებას ეთიკის დარგში. სწორედ კინიკოსების/ცინიკოსების სახელწოდებიდან მომდინარეობს სიტყვა ცინიზმი – უპატივცემულო დამოკიდებულება საყოველთაოდ (უმრავლესობის მიერ) მიღებული ნორმებისადმი.

კინიკების მამამთავრის ანტისთენეს იდეას წარმოადგენდა სულის სიმდიდრე, რომლის შესაძენადაც არსებობს ერთადერთი გზა – ესაა გაფუჭებული ცხოვრებიდან გაქცევა. კულტურამ, ფიქრობდა ის, დაღუპა ადამიანები, გახრწმა ისინი. ზევსმა დასაჯა ადამიანებისთვის “ცეცხლის მომტანი” პრომეთე არა მისი კაცთმოყვარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მან ადამიანებში კულტურა და მასთან ერთად ხრწნაც შეიტანა. ქალაქური (პოლისური) ცხოვრება არის ადამიანის მანკიერი ბუნების გამოვლენის ასპარეზი. სად უნდა ვეძიოთ ხსნა? მხოლოდ ბუნებაში, იქ, სადაც შეიქმნა და უნდა კიდეც იცხოვროს მის წიაღში. ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანი ხსნას ჰპოვეს სწორედ ბუნებაში, ანუ პირველყოფილ მდგომარეობაში, მხეცობაში. მაგრამ მხეცობის იმ გაგებაში, რომ მხეცი ჯანმრთელია, გამძლეა, არ არის ბოროტი, ცრუ, უსამართლო და ა.შ. არ არის ისეთი, როგორც ქალაქში მცხოვრები ადამიანი. კულტურული ადამიანისა და პირველყოფილი ადამიანი დაპირისპირების საფუძველზე ანტისთენე ასკვნიდა, რომ ადამიანის თავისუფლება ცხოველური მდგომარეობით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრიმიტიული ყოფით მიიღწევა. საზოგადოებრივი ადამიანის მოთხოვნილებების უარყოფა აღადგენს პირველყოფილი ცხოველური თავისუფლების ნამდვილ სიამოვნებას, იმ სიამოვნებას, რომელსაც ყოველი ადამიანი ესწრაფვის. ავიღოთ ღატაკი, ის თვითკმაყოფილია და თავისუფალი ყოველგვარი სურვილის მონობისაგან.

ანტისთენე და მისი მიმდევრები (თუმცა ზოგიერთი არა) გაურბოდნენ საზოგადოებას, საზოგადოების შეცვლის მაგივრად გარედან ინდიფერენტული დამოკიდებულებით კმაყოფილდებოდნენ. ცინიკოსების ამგვარი პროტესტი მაშინდელი კულტურული ცხოვრებისადმი, საბოლოო ჯამში, უნაყოფო იყო.

დიოგენე სინოპელი, by Jean-Léon Gérôme (1860)

დიოგენე სინოპელი, by Jean-Léon Gérôme (1860)

კინიკოსების სკოლის მეორე წარმომადგენელი დიოგენე სინოპელი კი, ანტისთენესაგან განსხვავებით, უკიდურესად გამოხატავდა პროტესტს. იმიტომაც ითვლება ის პრაქტიკული ცინიზმის მამად. იგი ბინის ნაცვლად ცხოვრობდა კასრში.

დიოგენე სინოპელი, by J. H. W. Tischbein (c. 1780)

დიოგენე სინოპელი, by J. H. W. Tischbein (c. 1780)

დიოგენე დღისით დადიოდა სანთლით ხელში და ამბობდა: “ვეძებ ადამიანს!”.

დიოგენე ოჯახის, საერთოდ, ოჯახური მემკვიდრეობის არსებობის წინააღმდეგი იყო, ემხრობოდა თავისუფალ სიყვარულს, “საერთო ცოლებისა” და შვილების ყოლას. ოჯახი, მისი აზრით, ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს – ეს კი ყოვლად დაუშვებელია. თავისუფლება საზოგადოებისაგან დაშორებაში, ქვეყნისაგან დამოუკიდებლად ცხოვრებაში მდგომარეობდა, რაც კინიკოსების მიზანს წარმოადგენდა.

ცნობილია, რომ როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მთავარსარდლად გამოაცხადეს, მასთან ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ, რათა მიელოცათ. დიოგენე სინოპელი კი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მომხდარ ამბებს. მაშინ ალექსანდრე თავად ეახლა მას და ამ დროს გაიმართა მათ შორის ცნობილი დიალოგი, რომელიც ცინიზმის უდავო გამოხატულებად ითვლება.

მაგრამ, საბოლოოდ, მათ აღიარეს, რომ ამგვარი “გაქცევა” შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ დროებითი აქტი და პროტესტის გამოხატვა არსებული წყობის წინააღმდეგ. ცინიკოსები იბრძოდნენ იმისათვის, რომ მოხსნილიყო განსხვავება წოდებათა და ერთა შორის, სქესის პრივილეგიები და სხვ.

ასეთი იყო კონტრკულტურის ანტიკური წარმომადგენლების მსოფლმხედველობა, რომელიც, როგორც დავინახეთ, უპირისპირდებოდა იმდროინდელ საბერძნეთში გაბატონებულ იდეოლოგიას, საზოგადოებრივ კულტურასა და მისი ღრირებულებების უარყოფით, სრულებით განსხვავებული ცხოვრების წესს მისდევდნენ.

http://intermedia.ge/ცინიკოსები – კონტრკულტურის პირველი ანტიკური წარმომადგენლები

Advertisements

Comments are closed.