ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

სტატიის ავტორი და მთარგმნელი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

Old Library

ძველი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი და სახელმგანთქმული ბიბლიოთეკა გახლდათ. ის ეძღვრებოდა ძველბერძნულ ღვთაებებს, 9 მუზას.

ალექსანდრიის კულტურული ჰეგემონიის პირველი პერიოდი პტოლემაიოს I-ის სახელს უკავშირდება. მან ჩაუყარა საფუძველი ლიტერატურისა და მეცნიერების ძეგლების შეგროვებას, გამოჩენილ მოაზროვნეთა მიწვევისა და სამუშაო პირობების შექმნის ტრადიციას.

The Great Library of Alexandria, O. Von Corven, 19th century

The Great Library of Alexandria, O. Von Corven, 19th century

ალექსანდრიის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში გაშენებული კვარტალი – ბრუხეიონი. ულამაზეს ბაღებსა და ტაძრებს შორის თავისი ბრწყინვალებით გამოირჩეოდა პროლემაიოსების სასახლე. ბრუხეიონში იყო მუსეიონი და სახელგანთქმული ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. იმავე კვარტალში თვალსაჩინო ადგილზე მდებარეობდა სამეფო სასაფლაო. ბრუხეიონის მდიდრულ არქიტექტურულ ანსამბლში ყურადღებას იპყრობდა ალექსანდრე მაკედონელის აკლდამა.[1]

ალექსანდრიის კულტურული აღმავლობა დაკავშირებული ცნობილი პოლიტიკური მოღვაწისა და მეცნიერის დემეტრიოს ფალერელის სახელთან. იგი თავისი დროის უგანათლებულესი პიროვნება იყო. ახალგაზრდობაში სწავლობდა ბოტანიკის ფუძემდებელ თეოფრასტესთან (თეოფრასტე თავის მხრივ, არისტოტელეს მოწაფე იყო). იგი წლების განმავლობაში მართავდა ათენს. დამსახურებისათვის ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე ძეგლიც კი დაუდგეს. მაგრამ ელინისტური ეპოქის მღელვარე ატმოსფერომ იგი იძულებული გახადა ათენი დაეტოვებინა.

ათენიდან განდევნილმა ფილოსოფოსმა თავშესაფარი ალექსანდრიაში ჰპოვა. პტოლემაიოს სოტერმა დემეტრიოსს საშუალება მისცა თავისი ნიჭი და უნარი მეცნიერების სამსახურში ჩაეყენებინა.

დემეტრიოსის იდეით შეიქმნა ძველი სამყაროს უდიდესი სამეცნიერო დაწესებულება – მუსეიონი – მუზების ტაძარი. ნიმუშად ფილოსოფოსმა პლატონის აკადემია და არისტოტელეს ლიცეუმი აიღო. მუსეიონი უმაღლესი ტიპის სასწავლებელს წარმოადგენდა. ჰქონდა ობსერვატორია, ბოტანიკური ბაღი, ზოოპარკი და ბიბლიოთეკა. მუზების ტაძარში ერთდროულად რამდენიმე ასეული ახალგაზრდა სწავლობდა, რომელთა განათლებას ასამდე მასწავლებელი ემსახურებოდა. სასწავლებელში იყო სალექციო და სამეცადინო დარბაზები, საერთო დარბაზი და სატრაპეზო, სასეირნო ხეივანი. პტოლემაიოსების აქტიური თანადგომით, მუსეიონი ელინისტური ეპოქის განათლებისა და მეცნიერების მთავარი კერა გახდა.

ალექსანდრიის სიამაყეს წარმოადგენდა მუზების ტაძართან არსებული ბიბლიოთეკა. დემეტრიოსმა მტკიცედ დაამკვიდრა ძვირფასი წიგნებისა და ხელნაწერების შეგროვების ტრადიცია. მისი რჩევით, პტოლემაიოსმა თეოფრასტესაგან შეიძინა არისტოტელეს ბიბლიოთეკა.[2]

ბიბლიოთეკის გასაფართოებლად პტოლემაიოსები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ: სხვადასხვა ენიდან ბერძნულად თარგმნიდნენ. პტოლემაიოს II ფილადელფოსი (282-246) სპეციალური დანიშნულებით გზავნიდა ელჩებს, რათა მოეპოვებინათ ისეთი თხზულებები, რომლებიც ბიბლიოთეკას არ ჰქონდა. განსაკუთრებით ბევრი წიგნი მოდიოდა ათენიდან.

პტოლემაიოსებს ენთუზიაზმი ბოლომდე არ განელებიათ. თუ პტოლემაიოს II ფილადელფოსის მეფობისას, ბიბლიოთეკაში იყო 440 ათასი გრაგნილი, ორასი წლის შემდეგ მისმა ფონდმა 700 ათასს მიაღწია. ბიბლიოთეკაში თავმოყრილი იყო პოეტების, ისტორიკოსების, გეოგრაფების, ორატორების, მათემატიკოსების, ექიმების და სხვ. თხზულებები. დიდი ყურადღება ექცეოდა უცხოელ ავტორებს. ბაბილონელ, ეგვიპტელ, ებრაელ, რომაელ, ინდოელ მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებიბიბლიოთეკას ჰქონდა, როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალის ენაზე.

ბიბლიოთეკას რამდენიმე ვრცელი შენობა ეჭირა. დარბაზებს, სადაც განლაგებული იყო წიგნებით სავსე კარადები, ამშვენებდა გამოჩენილი მწერლებისა და მეცნიერების ქანდაკებები.

მუსეიონის ხელმძღვანელად ითვლებოდა ქურუმი. მის კომპეტენციაში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმეები შედიოდა. მეცნიერულ სამუშაოებს წარმართავდა მთავარი ბიბლიოთეკარი. მთავარი ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე ნიშნავდნენ გამოჩენილ პოეტებსა და მეცნიერებს. მოღწეული სია მეტყველებს იმაზე, რომ ბევრი მათ შორის მართლაც ცნობილი მოღვაწე იყო. საკმარისია დავასახელოთ: ფილოსოფოსი დემეტრიოს ფარელელი, ფილოლოგები: ზენოდოტი და არისტოფანე ბიზანტიელი, პოეტები: აპოლონიოს როდოსელი და კალიმაქე, უნივერსალური მეცნიერი ერატოსთენე.

ელინისტური სახელმწიფოების ყველა დედაქალაქში არსებობდა მუსეიონი და ბიბლიოთეკა. მათ შორის განსაკუთრებული სახელით სარგებლობდა პერგამოსი. იგი იყო ალექსანდრიის ძირითადი მეტოქე. პერგამოსის ბიბლიოთეკაშიც ცნობილი მეცნიერები მოღვაწეობდნენ. მაგრამ საბოლოოდ პერგამოსის საგანძურმაც ალექსანდრიაში გადაინაცვლა. ძვ. წ. 31 წელს, მისი დიდი ნაწილი, მარკუს ანტონიუსმა, საჩუქრად გადასცა კლეოპატრას, ეგვიპტის უკანასკნელ დედოფალს.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკამაც ვერ აიცდინა ისტორიის ბედუკუღმართობა. მისი ნაწილი დაიწვა ძვ. წ. 47 წელს, ცეზარის ეგვიპტეში ყოფნის დროს. მაგრამ მიუთითებენ, რომ დაიწვა არა ბიბლიოტეკა, არამედ ის წიგნები, რომლებიც გამზადებული ჰქონდათ რომში გასაგზავნად.

რომისა და პალმირის დედოფალ ზენობიას ომის დროს, ახ. წ. 273 წელს ბიბლიოტეკა მთლიანად დაიწვა. გადარჩენილი წიგნები სერაპიუმის ტაძარში გადაიტანეს.

დიდი ზიანი მიაყენეს ბიბლიოთეკას პირველმა ქრისტიანმა ფანატიკოსებმა. ისინი ყველა უბედურებას წარმართობას მიაწერდნენ და მოითხოვდნენ ძველი, ქრისტიანობამდელი წიგნების განადგურებას.

არაბთა გამოჩენამ ბიბლიოთეკას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. გადმოცემის თანახმად, ეგვიპტის დამპყრობელმა ხალიფამ ბრძანა ბიბლიოთეკის დაწვა. თავისი გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა: თუ ამ წიგნებში ლაპარაკია იმაზე, რაც ყურანშია, მაშინ ისინი რა საჭირონი არიან?! ხოლო თუ მათში ლაპარაკი სხვა რამეზეა, მაშინ საზიანონი არიან. ამიტომ ორივე შემთხვევაში საჭიროა მათი განადგურება.

ეგვიპტეში არაბთა დამკვიდრების შემდეგ, ალექსანდრიის ბიბლიოთეკამ არსებობა შეწყვიტა. ლეგენდა გვაუწყებს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, უძვირფასესი ხელნაწერებით აბანოებს ათბობდნენ.

ბიბლიოთეკის განადგურებამ დავიწყების ჩრდილი გადააფარა ძველი ცივილიზაციის მრავალ საიდუმლოებას.

New Library 4

მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და 21-ე საუკუნეში, 2002 წლის 16 ოქტომბერს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ახალი სიცოცხლე დაიწყო თანამედროვე არქიტექტურულმა ნაგებობამ, რომელსაც ეწოდა „ალექსანდრიის ბიბლიოთაკა“ (Bibliotheca Alexandrina – BA). ბიბლიოთეკის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 1974 წელს გაჩნდა, როდესაც ალექსანდრიის უნივერსიტეტმა შეარჩია მიწის ნაკვეთი ახალი ნაგებობის ასაშენებლად, ზუსტად უნივერსიტეტის კამპუსსა და ზღვას შორის, იქ, სადაც ოდესღაც ძველი ბიბლიოთეკა მდებარეობდა. 1988 წელს არქიტექტურული დიზაინის შერჩევაზე UNESCO-მ გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც გამოვლინდა ნორვეგიული არქიტექტურული ოფისი „სნოჰეტა“ (Snøhetta). რაც შეეხება დაფინანსებას, $65 მლნ არაბულმა საემიროებმა გამოყვეს, სამშენებლო სამუშაოები 1995 წელს დაიწყო და დაახლოებით $220 მლნ დაიხარჯა და 2002 წლის 16 ოქტომბერს ოფიციალური ინაუგურაციაც მოეწყო.

New Library 9

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ტრილინგვურია, შეიცავს წიგნებს არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. 2010 წელს, ბიბლიოთეკამ მიიღო საჩუქრად საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკისაგან 500 000 წიგნი.

New Library 10

ბიბლიოთეკა მოიცავს 7 სართულს, 70 000 მეტრის სიდიდის უზარმაზარ სამკითხველო დარბაზს, საკონფერენციო ცენტრს, სპეციალურ ბიბლიოთეკებს რუკებისთვის, მულტიმედიას, 4 მუზეუმს, ხელოვნების 4 გალერეას დროებითი გამოფენებისთვის, ამას გარდა, 15 მუდმივ გამოფენას, პლანეტარიუმს, ხელნაწერთა რესტავრაციის ლაბორატორიას. მთავარი სამკითხველო დარბაზი მდებარეობს 32 მეტრი სიმაღლის ზღვისკენ დაშვებული შუშის სახურავის ქვეშ, კედლები კი აგებულია სამხრეთ ეგვიპტიდან, ასვანიდან მოტანილი გრანიტისგან და შემკობილია მსოფლიოს ხალხთა სულ 120 სახეობის დამწერლობებიდან აღებული ნიშნებით.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის კოლექციები გამდიდრებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული დოკუმენტებით.


გამოყენებული ლიტერატურა:

გრანი ქავთარია, სამყაროს შვიდი საოცრება, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1996, გვ. 157-160.

http://www.bibalex.org/en/default


[1] ალექსანდრე მაკედონელის ნეშტი პტოლემაიოს II-მ მემფისიდან ალექსანდრიაში გადაასვენა და ბრუხეიონში დაკრძალა.

[2] არისტოტელეს ბიბლიოთეკა 40 ათას გრაგნილს ითვლიდა. მის გამდიდრებაში ალექსანდრე მაკედონელი მონაწილეობდა. ამავე საქმის გამგრძელებელმა თეოფრასტემ ლიცეუმში შექმნა მუზათა ტაძარი – მუსეიონი: სალექციო, საკითხავი და სასაუბრო დარბაზებით, სასეირნო ბაღით. ქანდაკებებით შემკულ შენობაში მოთავსებული იყო არისტოტელეს ბიბლიოთეკა. მუზათა საკურთხეველში აღმართული იყო არისტოტელეს ქანდაკება. ლიკეიონის ტაძარმა მისცა იდეა დემეტრიოსს მსგავსი დაწესებულება ალექსანდრიაშიც დაეარსებინა.

Advertisements

Comments are closed.