არჩევანი თავისუფლებისაკენ!

 სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

path_choices

ამ სტატიაში მინდა შევეხო არჩევანის გაკეთებისა და საკუთარი თავის რაიმესადმი მიკუთვნებადობის თემას, რითაც ბავშვი, მოზარდი, თუ უბრალოდ ადამიანი საზოგადოების სტრუქტურისა და იერარქიის შემადგენელი ნაწილი და მისი სრულუფლებიანი წევრი ხდება. ამის ჩვენება კი მსურს რამდენიმე საკმაოდ ცნობილი ნაწარმოებისა და ფილმისათვის დამახასიათებელი სცენარის ფონზე. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სიუჟეტური ქარგა საკმაოდ გავრცელებულია ამ ბოლო დროს დაწერილი ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებსა და შესაბამისად, მათ საფუძველზე გადაღებულ ფილმებში.

virtualconference

1. პირველი მინდა დავასახელო თავის დროზე (როცა ძმები იყვნენ…) ძმები ვაჩოვსკების, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, ამ ორი გენიოსის საკულტო ფილმი “მატრიცა”. ფილმი იწყება მთავარი გმირის ნეოს მიერ არჩევანის გაკეთებით. ეს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაა გონებისა და საკუთარი ბედის თავისუფლებისაკენ.

matrix_neo_in_morpheus_glasses

2. შემდეგ ნაწარმოებად მინდა დავასახელო ბრიტანელი მწერლის ჯოან როულინგის 7-ნაწილიანი წიგნების სერია, რომლის მთავარი მოქმედი გმირი ჰარი პოტერი ყოველ ნაწილში ებრძვის ბოროტებას, რომელიც შავი მაგიის წარმომადგენლების სახითაა გამოწყვანილი. ბრძოლა პიკს აღწევს ბოლო მეშვიდე ნაწილში, სადაც ირკვევა, რომ ჰარი პოტერი თავადაა ვოლდემორის სულის ფრაგმენტის მატარებელი და შესაბამისად, ის, რასაც ებრძვის, მისივე ნაწილი აღმოჩნდება. საბოლოოდ ჰარის უწევს თავის გაწირვა და ამდენიხნის ბრძოლის საბოლოოდ დასრულება, თუმცა ამით ჰარი არ კვდება, კვდება მხოლოდ ვოლდემორის ერთ-ერთი და ბოლო ჰოკრუქსი.

harry-potter-sorting-hat

მაგრამ ამჯერად მე მინდა შევეხო ჰარი პოტერის პირველ ნაწილს (“ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”), ყველას გახსოვთ ის ცნობილი სცენა ჰარი პოტერის პირველი ნაწილის ეკრანიზებიდან, როდესაც ყველა ახალწვეული მაგიის შესაბამის გაერთიანებაში წევრიანდებოდა. არჩევანს მოსწავლეების ნაცვლად აკეთებს მაგიური ქუდი – ძალა – რომელიც იმაზე უკეთესად ერკვევა სწორი გადაწყვეტილების მიღების საქმეში, ვიდრე ნებისმიერი 11 წლის ახალწვეული ჰოგვორტსში. ჰარი პოტერსაც ასე დაემართა, მისი ადგილი სწორად განისაზღვრა.

3. მესამე ცნობილი ნაწარმოებია თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის ტრილოგია “შიმშილის თამაშები”, რომელიც პირველად 2008 წელს გამოიცა, ხოლო მოგვიანებით ფილმი გადაიღეს.

The-Hunger-Games

„შიმშილის თამაშებში“ პოსტაპოკალიფსური სამყაროს 12 რაიონად დაყოფილ ქალაქ-სახელმწიფოს, პანემს, კაპიტოლიუმი მართავს; მოქმედება უტოპიურ მომავალში ხდება, უცნობია წელი, მოქმედების ადგილი, ცნობილია მხოლოდ იმ „თამაშის“ წესები, რომელსაც საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების შეხსენების მიზნით მთავრობა ყოველწლიურად აწყობს. მანამდე კი მოსახლეობა ბრმა ფორტუნას არის მინდობილი, რადგან შემთხვევითი არჩევის წესი მოქმედებს. მთავარი გმირი სწორედ ამ მნიშვნელოვან მომენტში აკეთებს თავის პირველ არჩევანს. ის საკუთარი დის მაგივრად ერთვება თამაშში და მისი პიროვნებიდან ისე ჩანს, რომ ამას არც ნანოს. ამ ნაბიჯის გამართლებაც შეიძლება, რადგან მისი და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად საკმაოდ სუსტია, ის იქვე კარგავს ფერს და უკვე მკვდარია ამ გადაწყვეტილების გამოცხადების მოსმენის შედეგად.

the-hunger-games-catching-fire-teaser-trailer-12

“შიმშილის თამაშების“ მონაწილე შეიძლება გახდეს ნებისმიერი ახალგაზრდა, ხოლო გამარჯვებული – მხოლოდ ერთი, ის, ვინც გადარჩენისთვის ბოლომდე იბრძვის და ცოცხალი დარჩება – ყველაზე ძლიერი, ყველაზე მამაცი, ყველაზე მოხერხებული, ყველაზე ჭკვიანი და ა.შ. თამაშში თითოეული რაიონიდან 2-2 თინეიჯერი მონაწილეობს. ეს არაა ჩვეულებრივი სპორტული შეჯიბრება, აქ სამკვდრო-სასიცოცხლო ნადირობა მიმდინარეობს ახალგაზრდებს შორის. გამარჯვებული და მისი რაიონი კი ერთი წლით კაპიტოლიუმის მოწყალებით ისარგებლებენ. თამაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა და მისი ყურება პანემის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა.

2013_the_hunger_games_catching_fire-wide

16 წლის გოგონა, ქეთნის ევერდინიც სწორედ ასეთი რიგითი მონაწილეა, ის უღარიბეს მე-12 რაიონში ცხოვრობს. მან იცის, რომ საკუთარი და შეეწირება ამგვარ გამოცდას და ისიც იცის, რომ თვითონ მის მაგივრად უნდა გაუძლოს ყველაფერს და ცოცხალი გადარჩეს, ხოლო გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენებს და მათ შორის, თავის თანარაიონელსაც გაანადგურებს. წარმმართველია თვითგადარჩენის ინსტინქტი – ეს შიმშილის თამაშების შეუცვლელი კანონია. მაგრამ ქეთნის ევერდინი შინაგანად განსხვავებულია, რაც მის პირველ არჩევანშიც გამოვლინდა, მას აქვს ბევრი დადებითი თვისება, რასაც შეჯიბრების მსვლელობისას, ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი არ კარგავს. საბოლოოდ ხდება გაუგონარი რამ – გამარჯვებულად ერთის ნაცვლად ორი ადამიანი სახელდება: ქეთნის ევერდინი და მისი თანარაიონელი პეეტა მელარკი.

4. მეოთხე ასევე ცნობილი ნაწარმოებია ვერონიკა როთის ტრილოგია: დივერგენტი, ინსურგენტი და ალიგენტი (Divergent, Insurgent, and Allegiant), რომელთა მიხედვითაც შემდგომ ფილმებიც გადაიღეს. ტრილოგიის პირველ ნაწილში („დივერტენტი“) არჩევანის გაკეთება ასევე კონკრეტულ ფაქტორზეა დამოკიდებული. მოზარდი მიაღწევს რა გარკვეულ ასაკს, უნდა ჩააბაროს სპეციალური ტესტი, რომელსაც უტარებს გამომცდელ-ინსტრუქტორი; ის უხსნის მას, თუ რა ელის და ნაწილობრივ ცდილობს შეამზადოს. ტესტის პასუხზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამომავლოდ მოზარდი და რომელ საზოგადოებრივ გაერთიანებაში გაწევრიანდება.

Four

ფილმის სიუჟეტი საინტერესო და გაცილებით დახვეწილია წინამორბელ, ჩემთვის რაღაცით მსგავს სიუჟეტებთან. კერძოდ, აქ შემოდის ე.წ. „დივერგენტის“ ფენომენი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი 5 გაერთიანებიდან არც ერთ მათგანში არ ჯდება; უფრო მეტიც, ის უკვე ინდივიდია ასეთი, 5 ნაწილად „დახარისხებული“ საზოგადოების გადმოსახედიდან, რადგან დივერგენტი იმით გამოირჩევა, რომ არატრადიციულად აზროვნებს, ფლობს არაცნობიერის მართვის უნარს: საკუთარი სურ456789ვილების, შიშების სიზმარში გაცნობიერებისა და ცნობიერ დონეზე კონტროლის შესაძლებლობას. მაგრამ ამის გამხელა მთავარი გმირის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებს და ამიტომ დუმილს არჩევს, 5 გაერთიანებიდან, ერთ-ერთს – „გამბედავების“ ჯგუფს – ირჩევს და ხდება ტრისი. მაგრამ მას დროდადრო მაინც სჭირდება შემოწმების გავლა და იმის ჩვენება, რომ ისიც სხვების მსგავსად ვერ მართავს საკუთარ არაცნობიერს. მას სპეციალურ აპარატზე აერთებენ და ისიც სხვადასხვა სახის დავალების შესრულებას იწყებს, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამას აკეთებს სრულიად გაცნობიერებულად, განსაკუთრებით მაშინ, როცა საფრთხეში ვარდება და გადადის ამ 3D რეალობის მართვაზე. ამიტომ ტრისი უკვე იმაზე იწყებს მუშაობას, თუ როგორ შენიღბოს საკუთარი შესაძლებლობა და ყველასათვის მისაღები შედეგი დადოს ტესტის გავლისას: საოცარი რამ ხდება, რახან მას შეუძლია ილუზიური რეალობის გაცნობიერება, ახლა უკვე იმას ცდილობს, როგორ დაძლიოს გაცნობიერება და გაცნობიერების მართვაზე გადადის. ასეთი უმართავი (ცნობიერად და არაცნობიერად) ინდივიდის კონტროლი, რა თქმა უნდა, საზოგადოების ელიტარულ და მმართველ ფენას, არ შეუძლია. ტრისს საფრთხე ემუქრება და იწყებს თვითგადარჩენისთვის ბრძოლას, ხოლო უფრო მასშტაბური მიზანია, თვითონ საზოგადოების სტრუქტურის შეცვლა და ძალთა ბალანსის აღდგენა 5 საზოგადოებრივ გაერთიანებას შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაბატონებული ფენა, ტირანიის სახეს იღებს.

20464190 1234 Trilogylast

დაბოლოს მოვიტოვე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწარმოები, რომელიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, არაა ეკრანიზებული. ესაა არტურ კლარკის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნი სახელწოდებით „ქალაქი და ვარსკვლავები“, რომელიც ავტორმა 1956 წელს დაწერა და იყო ავტორის რიგით პირველი წიგნი. რომანის მთავარი გმირი ელვინია. ის, ნაწარმოების მიხედვით, ახალი სულია, ისეთი სული, რომელიც ათას წელიწადში ერთხელ ევლინება მათ სამყაროს და არ ატარებს წარსულის მეხსიერებას. ის “სუფთა დაფაა” (Tabula rasa) და ელვინის ბუნებაც მუდმივად სიახლისკენ, ახალი თავგადასავლებისკენ და აღმოჩენების გაკეთებისკენ ისწრაფვის. ელვინს უჩნდება კითხვები, ისეთი რომელიც, მათი საზოგადოების არც ერთ წევრს არ მოსდის თავში და არც აწუხებთ. ელვინს კი ერთი სული აქვს, სანამ მათზე პასუხებს არ მიიღებს, ვერ გაჩერდება და ვერ მოისვენებს, თუ არ ეძია პასუხები.

6743446709_de32cea9bd_z

ელვინი ცხოვრობს ქალაქში, რომელსაც დიასპარი ჰქვია. ეს ადგილი და მისი მაცხოვრებლები ტექნოლოგიურად ძალზე განვითარებულები არიან, მათ მართავს ერთი ცენტრალური კომპიუტერი, ის აკონტროლებს მათ ცხოვრებას, ქალაქის არქიტექტურას, ხელოვნებას, ცხოვრების წესს, გართობას – ყველაფერს, რასაც ადამიანთა სულიერი თუ ფიზიკური მოთხოვნილებები და მათი დაკმაყოფილება ჰქვია. თუმცა ვერ ვიტყვით იმას, რომ ასეთ სამყაროში მცხოვრები ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ, ან ზედმეტი კონტროლი აწუხებთ, ანდა თავისუფლებას არიან მოკლებულნი. სრულებითაც არა, მათ ყველაფერი გააჩნიათ, რასაც კი ისურვებენ, თუმცა სურვილსაც საზღვრები გააჩნია. საინტერესო ისაა, რომ დიასპარის მცხოვრებთ მიაჩნიათ, რომ მათი დასახლება ერთადერთია დედამიწაზე, რომელიც გადარჩა და კაცობრიობის უკანასკნელი და ერთადერთი მემკვიდრენი არიან. აი ელვინი კი ამასაც კი ეჭვის ქვეშ დააყენებს, ის რაღაცის ძიებაშია, თუნდაც არ იცოდეს კონკრეტულად რას ეძებს, მაინც ძიებაშია. მას გაუჩნდება იმის ეჭვი, რომ დიასპარიდან გასასვლელი, ე.წ. პორტალი არსებობს, პორტალი, რომელიც თუნდაც სხვა სამყაროში გადაიყვანს. ელვინი სამყაროდან გაღწევის დაუოკებელი სურვილის წყალობით თავისას მიაღწევს, პორტალსაც იპოვის და სულ სხვა დასახლებასაც დედამიწაზე, დიასპარის ფარგლებს გარეთ – ესაა პატარა დასახლება სახელად ლისი. მისი მცხოვრებნი დიასპარის მოსახლეობისაგან განსხვავებით განვითარების განსხვავებული გზით წავიდნენ და შედეგად ტექნოლოგიურად ისეთივე სიმაღლეს ვერ მიაღწიეს, როგორსაც დიასპარში, თუმცა მათ სხვა შესაძლებლობები აქვთ და ესაა ტელეპატია და სხვისი სურვილების, ზრახვებისა, ფიქრების, აზრების წაკითხვის უნარი.

cityandstars

ელვინი საკუთარი თავის შეცნობით ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, მისთვის ცხადი გახდება ისიც, რომ ის ერთადერთი არ ყოფილა დიასპარის ისტორიაში და მას ჰყავდა წინამორბედნი, რომლებმაც შეძლეს მასსავით პორტალის მიგნება და დიასპარის დატოვება. ისინიც ახალი სულები იყვნენ, წარსული ცხოვრებების გარეშე, მაძიებელი სულები, რომლებიც ახალ ისტორიას ქვიან, ინდივიდუალურად და საკუთარი განსხვავებული არჩევანის წყალობით. თუმცა ელვინი მათგანაც გამორჩეულია, რადგან თუ მისმა მსგავსმა წინამორბედებმა დიასპარი დატოვეს, ეს წასვლა მათთვის სამუდამო იყო და ისინი ლისის დასახლებაში რჩებოდნენ. ეს თითქოს გაწერილი კანონი გახდა, აქამდე სულ ყოველთვის ასე ხდებოდა, მაგრამ ელვინი ახერხებს დიასპარშიც დაბრუნდეს. თითქოს ის, არც ერთ ამ დასახლებათაგანს ბოლომდე არ ეკუთვნის. ელვინს ორივეგან ჰყავს ერთგული მეგობრები, დიასპარში გოგო, რომელსაც ის ძალიან უყვარს და ლისში ახლადშეძენილი მეგობარი, რომელთანაც ძალიან დიდი სულიერი სიახლოვე მყარდება. საბოლოოდ ელვინისთვის ყველაზე მშობლიური ღია კოსმოსური სივრცე ხდება, რომელშიც ხომალდით მიემგზავრება.

icww04

ადამიანის სურვილი საკუთარი ეგზისტენციალური დანიშნულების პოვნისა და თვითშემეცნებისა დასაბამი და ბიძგი ხდება ძიების პროცესის დასაწყებად. ზოგი ინტუიციას ენდობა, ზოგს შინაგანი ხმა კარნახოს რაღაცას, ზოგიც უბრალოდ ცხოვრების დინებას მიჰყვება… როგორც არ უნდა იყოს, არსებობს ადამიანისგან დამოუკიდებელი, ინდეტერმინირებული ძალა, რომელიც ადამიანის ცხოვრების წარმართვაში იღებს მონაწილეობას. ჩარევა, არასდროს არაა პირდაპირი, ის ატარებს სიმბოლურ (პირობით), ანდა მეტაფორულ (გადატანით) ხასიათს – ესაა ერთგვარი მინიშნებები, მესიჯები, რომელიც ამ ძალამ შეიძლება გამოგვიგზავნოს. რა მნიშვნელობა აქვს ამას? რამე მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ მას? ეს იგივეა, ჩვენი შინაგანი მისწრაფებებისა და ინტუიციის კარნახს რომ არ მივუგდოთ ყური. ასეთი რამ რომ არ დაგვემართოს, ყოველთვის უნდა შევძლოთ ცხოვრებისეული მინიშნებების დაჭერა და მისი სიმბოლურ-მეტაფორული მნიშვნელობების გახსნა. თუმცა მხოლოდ ამითაც არ უნდა შემოვიფარგლოთ, რადგან ამ მეტაფიზიკური ძალის გარდა, შეიძლება უბრალოდ სხვა ადამიანი დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში, არჩევანის გაკეთებაში, დილემიდან გამოსავლის პოვნაში, ან სამყაროს მოვლენათა სხვაგვარ დანახვაში… მაგრამ, ძალა, რომელიც ზემოთ ვისაუბრე, იმითაა საყურადღებო, რომ მისი “დაჭერა” და მისი მინიშნების ამოხსნა ყველას არ უწევს. ეს არის მესიჯი, რომელიც არსაიდან მოგდის, არ იცი ვისგან, ან რისგანაა, გევალება მხოლოდ შეძლებისდაგვარად ამოხსნა ის.

მხატვრული ლიტერატურის, თუ ფილმების მსგავსად, რეალურ ცხოვრებაშიც ვხვდებით გარკვეულ მინიშვენებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მასწავლებლები, გურუები და ცხოვრებისეული ორიენტირის ცოცხალი ნიმუშები ხდებიან. რაც მთავარია და რაც მინდოდა მეთქვა, არსებობს უამრავი გზა და შესაბამისად, არჩევანის გაკეთების უამრავი შესაძლებლობა. „საუკეთესო არჩევანი“ და „უარესი არჩევანი“ პირობითი ცნებებია და რაიმეს არჩევის შემთხვევაში ჩვენ ვხელმძღვანელობთ შინაგანი პრინციპების, შესაძლოა მეცნიერული ალღოს დახმარებით ანდა გარეგანი სიტუაციური ფაქტორების გათვალისწინებით. მაგრამ თუ რაიმე სხვა, უპიროვნო ძალა გვიბიძგებს და გაგვაკეთებინებს არჩევანს, ეს კიდევ უფრო სხვა ფენომენია და ამაზე დაფიქრება ღირს!

Advertisements

Comments are closed.