ჯონათან საფრან ფოერის “სრული გასხივოსნება”

ჯონათან საფრან ფოერი სრული გასხივოსნება

„პლაგიატობა

კაენმა საკუთარი ძმა თავისი საყვარელი ლექსის პლაგიატში დაადანაშაულა და იმიტომ მოუსწრაფა სიცოცხლე. ლექსი იწყებოდა ასე:

ტირიფი ტირის,

ნიავი მიქრის –

ეულ კუნძულს

მდინარის ტალღა

ელამუნება.

პოეტური ცუდმედიდობით შეპყრობილი და თავმოყვარეობაშელახული, ღრმად დარწმუნებული, რომ შემოქმედებით წვას აზრი აღარა აქვს, ვინაიდან და რადგანაც მოლიტერატურო ელემენტები მაინც მუდმივად წაეპოტინებიან და ხშირ შემთხვევაში, მიითვისებენ კიდეც მის დაფნის გვირგვინს, სასოწარკვეთილმა კაენმა ყოველგვარ კალმოსნურ მეკობრეობას ესეგვარად მოუღო ბოლო (ან ეგონა მაინც, საბოლოოდ დავასამარეო).

მისდა გასაკვირად, ქოქოლა ისევ მას დააყარეს, მიწყივ მიწის მუშადაც აქციეს და ის საშინელი დაღიც დაასვეს, რომლის გამოისობით ახლა, მარადი ურიას მსგავსად, ერთ ადგილას ვეღარც ჩაემუხლა. არადა, საკუთარ ლექსთა სევდიანი სიბრძნის წყალობით, რომელი ქალის შებმა გაუჭირდებოდა, გარნა ვერსად ენახა ვინმე, ვისაც თუნდაც ერთი პწკარი ექნებოდა წაკითხული მისი რვეულიდან.

უფალო რაისთვის დამიტევე მე?

რაისთვის და იმისთვის, რომ უფალი წამბაძველებსა ჰყვარობს. აკი წერილ არს: „და შეჰქმნა ღმერთმან კაცი მისდა სახიერად; კაცად და ქალად შექმნა იგინი.“ ე.ი. თავად ღმერთია უპირველესი წამბაძველი. მაგრამ რაკიღა სხვას ბევრს ვერაფერს გამორჩებოდა – აბა, ვისდა სახიერად შეექმნა ადამი – პირუტყვის ხომ არა? ასე რომ, ეს, უბრალოდ, რეფლექსური პლაგიატიზმის შედეგი გახლდათ: უფალმა საკუთარი გამოსახულება მოიპარა. და სწორედ ასევე, როდესაც ჩვენც რაღაცას ვქმნით მავანის სახიერად მისდა, ე.ი. უბრალოდ, ღვთის დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ.

განა რა მასალა ვარ მე ჩემი ძმისა?

ხარ, კაენ, ხარ.“

ჯონათან საფრან ფოერი, სრული გასხივოსნება, დიოგენე, 2013, გვ. 308.

Advertisements

Comments are closed.