ხორხე ლუის ბორხესი

jorge-luis-borges

“მძიმე და გამომფიტავი სიგიჟეა დიდი წიგნების წერა, ანუ ხუთას გვერდად გავრცობა იდეისა, რომელიც სავსებით შეიძლება გადმოიცეს ხუთიოდე წუთში. უმჯობესია თავი მოვიკატუნოთ, თითქოს ასეთი წიგნები უკვე არსებობს, მკითხველს კი შეჯამება, კომენტარები შევთავაზოთ. ასე მოიქცა კარლაილი “სარტორ რესარტუსში”, ბატლერი – “მშვენიერ ნავსაყუდელში”. თუმცა ამ თხზულებათა არასრულყოფილება ისევ და ისევ იმაშია, რომ ისინიც წიგნებს წარმოადგენს, სხვა წიგნებზე არანაკლებ ტავტოლოგიურს. უფრო კეთილგონიერმა, უფრო არაკომპეტენტურმა და უფრო ზარმაცმა – მე გადავწყვიტე დამეწერა კომენტარები წარმოსახვით წიგნებზე. ასეთი კომენტარებია “ტლონი, უქბარი, ორბის ტერტიუსი” და “ჰერბერტ ქვეინის თხზულებათა მიმოხილვა”.

ხორხე ლუის ბორხესი, მოთხრობები, პალიტრა L, 2012, გვ. 7-8.

“მოედნის ხმები უკან რჩება, მე ბიბლიოთეკაში შევდივარ, თითქმის ფიზიკურად ვგრძნობ წიგნების გრავიტაციას, საყოველთაო დალაგებულობის მშვიდ ატმოსფეროს, მაგიურად შემართულ და შენახულ დროს. მარჯვნივ და მარცხნივ, მოჩანს თავიანთ ფხიზელ ძილში დანთქმული, “სწავლული ლამპრებით” განათებულ მკითხველთა მომენტალური კონტურები, როგორც ამას გამოხატავდა ზედსართავების მილტონისეული გადანაცვლება.”

ხორხე ლუის ბორხესი, მოთხრობები, პალიტრა L, 2012, გვ. 309.

Advertisements

Comments are closed.