არსებობს თუ არა ფილოსოფიური პრობლემა?

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

არსებობს თუ არა პრობლემა?

problem-solving-assessment

პრობლემა, ანუ ის, რასაც ჩვენ „პრობლემას“ ვეძახით, გონითი აქტივობებისა და გააზრებების ბიძგი ხდება. ამან ფილოსოფიაში ცალკე კვლევის საზღვრები შემოფარგლა. საკითხის კვლევის საჭიროება წარმოშვა შემდეგმა გარემოებამ: არსებობს უამრავი ფილოსოფიური ლიტერატურა, რომელიც შეგვიძლია გავაკრიტიკოთ, როგორც სიტყვების უაზრო გროვა; ამგვარი ნაწერების კრიტიკული შემოწმება დაიწყო ლ. ვიტგენშტაინისა და ენის ანალიტიკოსების გავლენით. ამ მხრივ, თვალსაჩინოა ბ. რასელიც.

ასევე აღსანიშნავია კ. რ. პოპერი, რომელმაც გამოყო ორი თეზისი:

I თეზისის თანახმად, „ყოველი ფილოსოფია და განსაკუთრებით, ყოველი ფილოსოფიური სკოლა ბოლოს და ბოლოს მიდის გადაგვარებისკენ, რაც იმაში ვლინდება, რომ მისი პრობლემების გარჩევა ფსევდოპრობლემებისაგან პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება და ამის გამო მისი ჟარგონი პრაქტიკულად აღარ განსხვავდება უაზრო ტიტინისაგან. ფილოსოფიური სკოლების გადაგვარება, თავის მხრივ, იმ მცდარი რწმენის შედეგია, რომლის მიხედვით, შეიძლება იფილოსოფოსო ისე, რომ ეს ფილოსოფოსობა არ იყოს გამოწვეული პრობლემებით, რომლებიც ფილოსოფიის გარეთ დაისვა, მაგ., ფილოსოფიის გარეთ რომელიმე სფეროში.“ (კ. რ. პოპერი).

ამგვარად, კ. რ პოპერი აყალიბებს თავის თეზისებს:

I თეზისი: „ნამდვილ ფილოსოფიურ პრობლემებს ფესვები ყოველთვის გადგმული უნდა ჰქონდეს მწვავე პრობლემებში ფილოსოფიის გარეთ და ისინი კვდებიან, თუ ეს ფესვები ისპობა.“(კ. რ. პოპერი).

არიან ადამიანები, რომლებიც გრძნობენ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას, რადგან პრობლემა წარმოშობს უწესრიგობას, რომლის მოცილებაც ხდება სისტემიდან (ან გადადის მეტაფიზიკის სფეროში, რითაც პრობლემის გადაუჭრელობა მთლიანად მისი მეტაფიზიკური ბუნებით განპირობებულად ცხადდება).

მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ასეთ აუცილებლობას არ გრძნობენ, ვისაც არ აწუხებს რაიმე სერიოზული პრობლემა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქმნის რაიმე მოდური მეთოდებით და ვისთვისაც ფილოსოფია არის გამოყენება და არა კვლევა-ძიება. ისინი ითრევენ ფილოსოფიას ფსევდო-პრობლემებისა და ვერბალური თავსატეხების ჭაობში, როგორც ფსევდოპრობლემების ნამდვილ პრობლემებად შემოთავაზებით, რისი საშიშროებაც ლ. ვიტგენშტაინმა დაინახა.

II თეზისი: „ლ. ვიტგენშტაინის პოზიციით, წმინდა ფილოსოფიური პრობლემები არ არსებობს, რადგან რაც უფრო წმინდა ხდება ფილოსოფიური პრობლემა, მით უფრო კარგავს თავდაპირველ მნიშვნელობას (აზრს) და მით უფრო მეტია შესაძლებლობა, რომ მისი განხილვა გადაგვარდეს სიტყვების ცარიელ თამაშად. მეორე მხრივ, არსებობს არა მხოლოდ ჭეშმარიტად მეცნიერული, არამედ ჭეშმარიტად ფილოსოფიური პრობლემებიც; ასევე, თუ მათი გადაჭრა შესაძლებელია, ვთქვათ, წმინდა ლოგიკური საშუალებებით, არ არის აუცილებელი მივიჩნიოთ ისინი წმინდა ლოგიკურ ანუ ტავტოლოგიურ პრობლემებად.“ (კ. რ. პოპერი).

უკვე ანალიტიკური ფილოსოფიის მიმართულებამ, ენის ფილოსოფოსებმა და ლოგიკოსებმა წამოაყენეს აზრი პრობლემათა წარმომშობი მიზეზების ენაშივე ძიების თაობაზე. ისინი არც ცდებოდნენ, რადგან ნებისმიერი სახის პრობლემა ენის არასწორი გამოყენების შედეგია. საკმარისია ყოველი აზრის გამოთქმისას, გვესმოდეს ის მეტაენა, რომლითაც გამოვთქვამთ ამ აზრს, რომ ე.წ. პრობლემები, იქნება ის ფილოსოფიური თუ არაფილოსოფიური, თვალსა და ხელს შუა ქრება.

რატომ ხდება ასე?

ენის გამოყენება ფილოსოფიაში, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი ჩვენივე აზრების ვერბალიზებისთვის, საკმაოდ საფრთხილო საქმეა, რადგან საკმარისია, რაღაც ბოლომდე განუმარტავი და ბუნდოვანი ცნება გავურიოთ და ჩნდება, ზედაპირზევე, ე.წ. პრობლემა. ამიტომ დასვეს ფილოსოფიაშივე ფსევდოპრობლემების მოხსნის საჭიროება ენის ანალიზის გზით.

ამ აზრს მე უფრო ფართო დატვირთვას მოვუძებნიდი და ვიტყოდი, რომ ზოგადად პრობლემები კოგნიტიურ/სააზროვნო დონეზე, უბრალოდ არ არსებობს და ის, რასაც ჩვენ პრობლემებს ვუწოდებთ, მხოლოდ ზედაპირულად ჩანს, ხოლო საკმარისია ჩავუღრმავდეთ, კონკრეტული გამოთქმული აზრის გამოხატულების პლანის სრული განმარტებით, ასევე ცხადი გავხადოთ ამავე აზრის შინაარსის პლანი, რომ პრობლემა უბრალოდ იხსნება.

ეს ერთგვარად უკავშირდება ასევე კონცეპტუალური აზროვნების წესს: ჩვენ გვესმის ჩვენივე ენის, ვიცით ის კონცეპრები/ცნებები, რომლითაც ვაზროვნებთ, ვმიჯნავთ ერთი კონცეპტის საზღვრებს მეორე კონცეპტის საზღვრებისაგან, ვიჭერთ კონცეპტებს შორის კავშირს, ამდენად მსგავსება-განსხვავებებს – ასეთ შემთხვევაში, ჩვენივე აზროვნებაში (ფილოსოფიურში თუ არაფილოსოფიურში), პრობლემურ საკითხთა გაჩების შანსი მინიმუმამდე დადის.

Advertisements

Comments are closed.