ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიული ტყე”

haruki-murakami

Haruki Murakami 村上 春樹

სათქმელის სხვა ადამიანისთვის გადაბარება, უპასუხისმგებლობის, გაუბედაობის, უშფოთველობისა და მოვლენებზე რეაგირებისგან თავის არიდების ერთ-ერთი ფორმაა. მაგრამ ამის გვერდით, არსებობს ისეთი შემთხვევა, როცა ეს “სხვა” შენს სათქმელს ამბობს წერილობით და არც მეტი და არც ნაკლები, რომელიმე მხატვრულ ნაწარმოებში, ავტორი კი ისევ არც მეტი და არც ნაკლები “ამომავალი მზის ქვეყნის” შვილი და მოქალაქეა. ის “სხვა” არც მეტი და არც ნაკლები, ჰარუკი მურაკამია. ამდენად, მომიწევს მისი ციტირება:
“საზაფხულო არდადეგების დროს უნივერსიტეტმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა ბარიკადები აიღეს და მათ ერთად გამაგრებული სტუდენტები დააპატიმრეს. ამაში ახალი არაფერი იყო. ყველა სტუდენტი ასე იქცეოდა ყოველთვის. უნივერსიტეტების “დემონტაჟი” ასეთი მარტივი, რა თქმა უნდა, არ იყო. მასში დიდი კაპიტალი იყო ინვესტირებული და უნივერსიტეტს მხოლოდ იმიტომ ვერ დახურავდნენ, რომ რამდენიმე სტუდენტი გაიფიცა და სინამდვილეში, იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც იზოლაციაში ჰქონდათ მოქცეული უნივერსიტეტი, არ სურდათ მისი დემონტაჟი. მათ მხოლოდ ის უნდოდათ, რომ უნივერსიტეტის მართვის სტრუქტურაში ძალაუფლების ბალანსი სხვაგვარად განაწილებულიყო. ეს ამბავი კი მე დიდად არ მადარდებდა. ამიტომ, როცა გაფიცვა შეწყდა, არაფერი მიგრძვნია.

გაფიცულების დაშლისა და სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ ლექციების განახლების შემდეგ პირველები, ვინც მერხებს მიუსხდნენ, ის ნაბიჭვრები იყვნენ, რომლებიც აჯანყებებს მეთაურობდნენ. ისე, გეგონება, არაფერი მომხდარიყოს, ისხდნენ იქ, ჩანაწერებს აკეთებდნენ და “ვარო” წამოიძახებდნენ ხოლმე სიის ამოკითხვის დროს. ეს წარმოუდგენელი თავხედობა იყო, ჩემი აზრით. ბოლოს და ბოლოს, გაფიცვა ხომ ისევ გრძელდებოდა. განა დასრულდა? ან საწადელს მიაღწიეს? მხოლოდ ის შეიცვალა, რომ უნივერსიტეტმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პოლიცია გამოიძახა და ბარიკადები მოხსნა, მაგრამ თვითონ გაფიცვა მაინც უნდა გაგრძელებულიყო. ესენი კი გაფიცვის დროს თავს იგიჟებდნენ, გმობდნენ იმ სტუდენტებს, რომლებიც მათ პოზიციას არ იზიარებდნენ (ან, უბრალოდ, ეჭვის თვალით უყურებდნენ მათ), ზოგჯერ სცდიდნენ კიდეც მათ მიერ ინსცენირებულ სასამართლო პროცესებზე. გადავწყვიტე, ამ ყოფილ ლიდერებს ვწვეოდი და მეკითხა, რატომ ესწრებოდნენ ლექციებს, ნაცვლად იმისა, რომ გაფიცვა გაეგრძელებინათ, მაგრამ პასუხებს პირდაპირ არ მცემდნენ. ან რა უნდა ეთქვათ? რომ ნიშნების დაკლების ეშინოდათ ბევრი გაცდენის გამო? წარმოგიდგენიათ, აი, ეს იდიოტები გაიძახოდნენ უნივერსიტეტის დემონტაჟი მოვახდინოთო! განა სასაცილო არ არის? ოდნავ იცვლის ქარი მიმართულებას და მათი ყვირილი ჩურჩულად იქცევა.”
ჰარუკი მურაკამი, ნორვეგიური ტყე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბ., 2015, 58.

Advertisements

Comments are closed.