რეკლამის ისტორია

advertising

რეკლამა ლათინური წარმოშობის სიტყვაა (reclamo – წამოვიყვირებ). რეკლამის დანიშნულებას წარმოადგენს სხვადასხვა საშუალებებით აცნობოს ადამიანებს რაიმეს შესახებ, პოპულარიზაცია გაუწიოს საქონელს, სანახაობას (კინო, თეატრი, სპორტული შეჯიბრი), მომსახურებას, რომელსაც ესა თუ ის დაწესებულება ეწევა (ვთქვათ საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებები, ორგანიზაციები) და ა.შ. რეკლამის გავრცელების თანამედროვე საშუალებებია გაზეთი, ჟურნალი, რადიო, ტელევიზია, ელექტროგანათება, ინტერნეტი და სხვ.

რეკლამას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგალითად, რეკლამის უმარტივესი საშუალებები ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე არსებობდა ძველ საბერძნეთსა და რომში. ცნობილია, რომ ძვ. წ. III საუკუნეში, ვიღაც მონათმფლობელის მიერ დაქირავებული კაცი დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და აცხადებდა მონის გაქცევის შესახებ. ცხადია ეს განცხადებაც რეკლამა იყო გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით: ვინაიდან ამ დროს მოსახლეობამ კითხვა არ იცოდა და ეს აქტი ხორციელდებოდა ძლიერი ხმის მქონე აგენტის მეშვეობით.

advertising-1

რეკლამის პირველი სათავეების ძიებამ ისე შორს წაიყვანა მკვლევარები, რომ ერთ-ერთმა ფრანგმა კრიტიკოსმა სარკასტულად შენიშნა, რომ რეკლამის ხასიათის პირველი სცენა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სამოთხეში გათამაშდა და მასში სამი პერსონაჟი მონაწილეობდა: ადამი – კლიენტი, ევა – გამყიდველი და გველი – სარეკლამო ბიუროს აგენტი (თუ შედეგით ვიმსჯელებთ საკმაოდ წარმატებული), რომელმაც ევას უკარნახა ყველაზე საუკეთესო არგუმენტები, რომლითაც მას ადამის შეცდენა შეეძლო.

საბერძნეთსა და რომში ძვ. წ. III-II საუკუნეებში, სავაჭრო განცხადებებს ხის დაფაზე, სპილენძის ფირფიცებზე ან ძვალზე სწერდნენ და თვალსაჩინო ადგილებზე გამოაკრავდნენ ხოლმე, ანდა ვაჭრების მიერ დაქირავებული ხალხი ხმამაღლა კითხულობდა საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში სხვადასხვა სავაჭრო ხასიათის განცხადებებს.

მაგრამ ნამდვილი, თანამედროვე რეკლამის საფუძვლები მხოლოდ XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე მომზადდა: ერთმა ვენეციელმა წიგნის გამომცემელმა მანუციმ დაიწყო წიგნების სათაურების დაბეჭდვა და თავფურცლების გამოფენა მაღაზიის შესასვლელში. ეს იყო, როგორც ვარაუდობენ, პირველი ნამდვილი თანამედროვე რეკლამა მსოფლიოში, რომელიც კი დღემდე ცნობილია ისტორიიდან.

ბეჭდვის შემოღებამ XVIII საუკუნეში და წერა-კითხვის გავრცელებამ, დიდი სამსახური გაუწია რეკლამის განვითარებას. დაარსდა გაზეთები და ჟურნალები და მალე გაზეთის მფლობელებმა დაიწყეს გაზეთის „მინდვრების“ გაყიდვა განცხადებებისთვის.

რეკლამამ ფართო გამოყენება ჰპოვა ევროპაში XVIII საუკუნიდან და მჭიდროდ დაუკავშირდა კაპიტალიზმის განვითარებას. საგულისხმოა ისიც, რომ სარეკლამო საშუალებები იზრდებოდა და ფართოვდებოდა ტექნიკის განვითარებასთან ერთად. რეკლამის განვითარება კაპიტალისტურ ქვეყნებში განპირობებული იყო კონკურენციით, ბაზრებისთვის გააფთრებული ბრძოლით. ამჟამად რეკლამის საქმეს კაპიტალისტურ ქვეყნებში სპეციალური სარეკლამო ფირმები, კონტორები და სააგენტოები წარმართავენ და დიდი შემოსავალის მომტანიცაა მათი მფლობელებისთვის. ფართოდ არის ცნობილი არა მხოლოდ  აშშ-ში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც რეკლამები, რომლებიც შექმნეს ამ საქმის ჭეშმარიტად დიდმა ვირტუოზებმა: ს. ბასმა, გ. ლუბალინმა, ბ. კვინტმა, გ. ვულფმა და სხვ. უდიდესი თანხები იხარჯება რეკლამაზე. მაგალითად, აშშ-ში 1929 წელს რეკლამაზე დაიხარჯა 1,0 მილიარდი დოლარი, 1934 წ. 1,6 მილიარდი დოლარი, ხოლო 1940 წელს 2,1 მილიარდი დოლარი. 1940 წლიდან 1950 წლამდე ეს ხარჯები 2,7 მილიარდი დოლარით გაიზარდა. პირველ მსოფლიო ომამდე ინგლისში 80-100 მილიონი გირვანქა სტერლინგი იხარჯებოდა რეკლამაზე. 1930 წელს კი, მიუხედავად მძიმე ეკონომიური კრიზისისა, მხოლოდ პრესაში გამოქვეყნებულმა რეკლამამ მოიხმარა 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

ადრეული რეკლამებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო სიმართლის სრული უგულვებელყოფა და ზოგჯერ სიცრუეც კი. რეკლამისათვის ძველ დროში სიმართლეს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო ხალხის მიზიდვა ყოველგვარი საშუალებებით. ყავა, მაგალითად, თავის დროზე რეკლამირებული იყო როგორც კუჭის წყლულის, თიაქრის, სურავანდისა და სხვა მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალება.

ამდენად, რეკლამა ათასგვარი ოსტატობით (ტექნიკისა და კრეატივის წყალობით) ნიღბავს სიცრუეს და ცდილობს რაც შეიძლება კარგად იმოქმედოს მომხმარებელზე. თანამედროვე რეკლამის ინდუსტრიას სავსებით შეესაბამება შუა საუკუნეებში წარმოშობილი იეზუიტთა ორდენის დებულება: „ყველა საშუალება კარგია მიზნის მისაღწევად“.

მართლაც, რეკლამა ყველა საშუალებას იყენებს მიზნის მისაღწევად, ზოგჯერ ავაზაკური ბუკლეტი ტურისტებს ურჩევს მოინახულოს ქალაქი მემფისი (ტენესის შტატში) და გაჩერდეს სასტუმრო „ლორეინში“, „სადაც მოკლულ იქნა მარტინ ლუთერ კინგი“. ან კიდევ შემდეგი სახის რეკლამა, რომელიც ერთ-ერთმა დამკრძალავმა ბიურომ გაავრცელა აშშ-ში: „ჩვენი სასაფლაო ძალზე მოხერხებულადაა გაშენებული და აქ დასაფლავებული მიცვალებულები საუცხოოდ გრძნობენ თავს“. ცხადია მას, ვისაც მიცვალებული ჰყავს ასეთი რეკლამა გააღიზიანებს, მაგრამ ამავე დროს, ადვილად დაამახსოვრდება დამკრძალავი ბიუროს მისამართი.

მოგება, მხოლოდ მოგება! – ასეთია რეკლამის შემქმნელთა დევიზი დასავლეთში, ხოლო რა გზით, რა ხერხით, ამას ნაკლები ყურადღება ექცევა. ამიტომ, ზოგჯერ რეკლამის მიზნით, ისეთ ფაქტებსაც იყენებენ ხოლმე, რომელსაც გულდასმით უნდა მალავდნენ. მაგალითად, რეკლამის წყალობით დღემდე ბრწყინვალე რეპუტაციით სარგებლობს შაშხანის  სისტემა „კარკანო მარგლისტერ“, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯ. კენედი მოჰკლეს ტეხასში 1963 წელს.

ინგლისური საავტომობილო ფირმა „ლენდროვერი“ საქვეყნოდ აცხადებს თავის რეკლამაში, რომ მისი ავტომობილი ყველაზე სწრაფი და ყველაზე მანევრულია. ამის უცილო დამამტკიცებელ არგუმენტად რეკლამის ავტორები იმას ასახელებენ, რომ ბანდიტები, რომლებმაც 1964 წელს ლონდონის ერთ-ერთი ბანკიდან დიდძალი ფული გაიტაცეს, პოლიციას დაუსხლტნენ ხელიდან მხოლოდ იმის წყალობით, რომ „ლენდროვერის“ მარკის ავტომობილი გამოიყენეს.

დღესდღეობით რეკლამას შედარებით ფრთხილად იყენებენ, ვინაიდან ყალბი რეკლამის გამოაშკარავება დიდ ზარალს მოუტანს იმ კომპანიას, რომელიც ამ რეკლამას იყენებს. დღევანდელი გააფთრებული კონკურენციის პირობებში, კაპიტალისტურ ქვეყნებში, საკმარისი იქნება სულ რამდენიმე გამოაშკარავებული ყალბი რეკლამა, რათა მთლიანად ჩაიფუშოს ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობა.

რეკლამას გონებამახვილურად უწოდეს „ვაჭრობის ძრავა“, ან კიდევ „ვაჭრობის იარაღი“, ხოლო მისი მეცნიერული განსაზღვრება დიდხანს იწვევდა დავას სპეციალისტთა შორის.

რეკლამის განვითარებამ წარმოშვა მისი მეცნიერული და უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური შესწავლის საჭიროება. აშშ-ში ცნობილი ფაქტია, რომ შდარებით მდარე ხარისხის საქონელი უფრო საღდება, თუკი მას „კარგი“ რეკლამა აქვს და პირიქით სრულიად საღი და ხარისხიანი საქონელი არ იყიდება, რადგან მას „ცუდი“ რეკლამა აქვს. ეს თითქოს გაუგებარია: ბოლოს და ბოლოს ადამიანი მაღაზიაში მისი საქონლის და არა რეკლამის საყიდლად!

იმისათვის, რომ პასუხი გასცემოდა ამ და სხვა მრავალ კითხვას, შეიქმნა რეკლამის ფსიქოლოგიური ლაბორატორიები, სადაც დაიწყეს ექსპერიმენტების ჩატარება და სხვა სახის ღონისძიებების გატარება, რათა დადგენილიყო რეკლამის მექანიზმის და სხვა სტრატეგიები, პირველ რიგში კი გარკვეულიყო, რომელია „კარგი“ და რომელი „ცუდი“ რეკლამა, საჭირო შეიქმნა მათი ამ თვისებების გადაწყვეტა ლაბორატორიულ პირობებში და არა ბაზარზე, სადაც კანონებს რეკლამა აწესებს.


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გრიგოლავა ვ., გამოყენებითი ფსიქოლოგიის ზოგიერთი საკითხი, ნაწილი პირველი, მეცნიერება, თბილისი, 1964, გვ. 7-80.
  2. გრიგოლავა ვ., რეკლამა და ფსიქოლოგია, მეცნიერება, თბილისი, 1972.
Advertisements

Comments are closed.