ინდივიდუალური და კოლექტიური ყოფიერება?!

unity and strength

წინამდებარე სტატიის სათაურზე დიდხანს ვფიქრობდი, არ ვიცოდი, ზუსტად როგორი ფორმულირება მომეძებნა და ბოლოს, ამგვარ სათაურზე შევჩერდი – „ინდივიდუალური და კოლექტიური ყოფიერება“. თემა მრავალ მომიჯნავე საკითხს მოიცავს, გვერდს ვერ ავუვლი ვერც სოციალურობისა თუ ასოციალურობის თემას, თუმცა ესეც კონტექსტის საჭიროებიდან გამომდინარე. ჩემი მთავარი მიზანი კი არის იმის ჩვენება, თუ რა არის ადამიანური ყოფიერების ორი სახე: ინდივიდუალური არსებობა და კოლექტიური თანაცხოვრება? რამდენად ვართ ინდივიდუალურები და რამდენად გვჭირდება სხვა ადამიანები? სადამდე ვრცელდება ჩვენი ინდივიდუალურობა და სად იწყება სხვათა პიროვნული საზღვრები? სად გადადის ინდივიდუალური არსებობა კოლექტიურ თანაარსებობაში? რა ქმნის კოლექტიურ თანაარსებობის წინაპირობას და საერთოდ, რა არის კოლექტიური თანაარსებობა და რაში გამოიხატება ის? არის ეს სოციალურობის გამოხატვა? როგორ ხდება ინდივიდუალურობის შენარჩულება მაშინ, როცა გარკვეული კოლექტივის წევრები ვხდებით? და პირიქით, კოლექტივის წევრობა ხომ არ ნიშნავს ჩვენი ინდივიდუალურობის უგულვებელყოფას, მის განვითარებაზე ზრუნვის შეფერხებასა და გაერთფეროვნებისკენ ნაბიჯის გადადგმას?

და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი: რა ფორმით გამოიხატება კოლექტიური თანაარსებობა? ეს შეიძლება იყოს შეკრებები, კომუნები, რელიგიური თემები, საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანებული სოციუმი, საერთო მსოფლმედველობის, ცნობიერების ან თუნდაც ინტერესების მატარებელ ადამიანთა ჯგუფები, სამეგობრო წრე, სანათესაო, ოჯახი და სხვადასხვა სახის დღესასწაულები. მოკლედ, ადამიანთა თანაარსებობა სხვადასხვა სახისაა, უმთავრები კი ისაა, რომ რა სახისაც არ უნდა იყოს ის წარმოდგენილი, ორი მახასიათებლით შეგვიძლია მისი დახასიათება, რამდენად გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ერთვება ინდივიდი ამა თუ იმ კოლექტივში ან არა მხოლოდ ერთვება, თავად ქმნის ამა თუ იმ კოლექტიური თანაარსებობის ფორმას, როგორც ეს მაგალითად, ოჯახის შემთხვევაში გვაქვს.

მოდით შევეხოთ შეკრებების თემას. ის შეიძლება იყოს როგორც მიზანმიმართული, ემსახურებოდეს ერთ, ან რამდნეიმე მიზანს, ან იყოს უმიზნო. საინტერესოა, ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის აზრი, რომელიც გვთავაზობს გარკვეულ კლასიფიკაციას, თუ რა და რა სახის შეიძლება იყოს შეკრებები, მართალია, ამას ძალზე პესიმისტური ელფერით გვიხატავს, მაგრამ არ გვამძიმებს, რადგან რაღაც დოზით ჭეშმარიტების მარცვალიც ურევია. მაგალითად:

გასართობად შეკრებილები. ეს ყველაზე ცუდი ჰიპოთეზაა. ასეთ გარემოში (ღამის კლუბები, დისკოთეკები, სხვადასხვა სახის ფართი) აშკარად არაფერია თავშესაქცევი, გამოსავალიც მხოლოდ ერთია: ვინმე უნდა შეაბა. ამდენად, დღესასწაულის იდეიდან იმიტომ ამოვდივართ, რომ დაუნდობელ ნარცისულ შეჯიბრებაში თავით გადავეშვათ, სექსუალური აქტით ან მის გარეშე (ითვლება, რომ, კლასიკურ შემთხვევაში, კაცს სხვის სხეულში შეღწევა სასურველი ნარცისული კმაყოფილების მოსაპოვებლად სჭირდება. ამ დროს ის დაახლოებით იმას გრძნობს, რასაც ინგლისური ბილიარდის უფასო პარტიის თამაშისას. ქალები კი, ხშირ შემთხვევაში, იმ რწმენითაც კმაყოფილდებიან, რომ სხვებს მათში შეღწევა სურთ). თუ ამ ტიპის თამაშები გძულთ, ან გრძნობთ, სასურველ სიმაღლეს მაინც ვერ მიაღწევთ, ერთი გამოსავალია: რაც შეიძლება , სწრაფად უნდა გაეცალოთ იქაურობას.“[1]

„ბრძოლისთვის შეკრებილები (სტუდენტური მანიფესტაციები, ეკოლოგისტთა თავყრილობები, თოქ-შოუები გარეუბნების თემაზე). ერთი შეხედვით, შესანიშნავი იდეაა: საერთო საქმით დაკავშირებამ იოლად შეიძლება გამოიწვიოს ერთიანობის, ჯგუფური კუთვნილების განცდა, ნამდვილი კოლექტიური თრობაც კი. სამწუხაროდ, ბრბოს ფსიქოლოგიას უცვლელი კანონები აქვს: ბოლოს ბრძანებლობას ყველაზე იდიოტი და ყველაზე აგრესიული ტიპები იწყებენ. ჰოდა, ერთ დღესაც ხმაურიანი და ამასთანავე, საშიში ბანდის შუაგულში აღმოჩნდებით. გამოსავალი იგივეა, რაც ღამის კლუბში: მანამდე უნდა წახვიდეთ, სანამ ყბაში მოგდებენ, ან ვინმე უნდა შეაბათ (გარემოებები აქ უფრო ხელსაყრელია: საერთო შეხედულებების არსებობა, პროტესტის მიმდინარეობებისას გაჩენილი სხვადასხვა განცდა ნარცისული ფარის ოდნავ გვერდზე გაწევას განაპირობებს).“[2]

„სექსისათვის შეკრებილები (სპეციალური ბარები, კერძო პირების მიერ მოწყობილი ორგიები, New Age-ის ზოგიერთი ჯგუფი). ერთ-ერთი უმარტივესი და უძველესი საშუალებაა, გააერთიანო ადამიანები იმით, რაც მათ მართლაც საერთო აქვთ. სექსუალური კავშირები მყარდება, მაგრამ ამ აქტებს სიამოვნება ყოველთვის არ ახლავს. ეს ასეა. ჰო, სულ ეს არის.“[3]

„ზეიმობისთვის შეკრებილები (წირვა, წმინდა ადგილების მონახულება). რელიგია სრულიად ორიგინალურ გამოსავალს გვთავაზობს: გაბედულად უარვყოთ განშორებისა და სიკვდილის არსებობა და ვამტკიცოთ, რომ, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ ღვთაებრივ სიყვარულში ვცურავთ, მარადიული ნეტარებისკენ მივემართებით. ამგვარად, რელიგიური ცერემონია, რწმენით აღსავსე მონაწილეებით, შემდგარი დღესასწაულის უნიკალური მაგალითი იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება, ზოგიერთ აგნოსტიკოს მონაწილეს ცერემონიის მიმდინარეობისას გულში ერთგვარი რწმენა ჩაესახოს, მაგრამ ამის შემდეგ მიწაზე მტკივნეულად დაშვების რისკიც იზრდება (თითქოს ისევე, როგორც სექსის დროს, თუმცა უფრო უარესად). გამოსავალი: მადლცხებული უნდა იყო.

წმინდა ადგილების მონახულება სტუდენტური მანიფესტაციისა და „ნუველ ფრონტიერის“ ტურისტული მოგზაურობის უპირატესობებს აერთიანებს. ეს ყველაფერი, დაღლილობის ფონზე გამძაფრებული სულიერი აღმაფრენისას, ასევე იდეალურ პირობებს ქმნის შებმისათვის, რაც უკვე თითქოს სავალდებულო ხდება, ხანდახან – გულწრფელად სასურველიც კი. წმინდა ადგილების მონახულების დასასრულთან დაკავშირებული ოპტიმისტური ჰიპოთეზა: დაოჯახება + ჭეშმარიტ რჯულზე მოქცევა. ამის საპირისპიროდ, მიწაზე დაშვება, შეიძლება, მართლაც საშიში აღმოჩნდეს. თავი დაიზღვიეთ და ამ მოგზაურობას CPA-ს „სათხილამურო ტური“ ისე გადააბით, რომ ჯავშნის გაუქმების დრო დაგრჩეთ (გაუქმების პირობები წინასწარ გაარკვიეთ).“[4]

Club partyultra-music-festivalColor Fest 1Color Fest34,000 monks at Wat Phra Dhammakaya, a Buddhist temple in Thailand. By Luke Duggleby (j)conscious_universe303_02

რაც არ უნდა განვიხილოთ და დავახარისხოთ ზეიმობათა, თავყრილობათა და ა.შ. შემთხვევები, მაინც რჩება იმის ალბათობა, რომ ადამიანს ხშირად სულაც არ სჭირდება რაიმე მიზეზი, მიზეზი ვგულისხმობ, გაცნობიერებულ და გააზრებულ ქმედებას ჩაერთოს და იყოს რაიმე სახის კოლექტივის წევრი. ადამიანს სწორედ გაუცნობიერებლად, ინსტინქტის დონეზე აქვს სოციალურობის განცდა, რომელიც იმდენად მძლავრია, რომ მუდმივად ითხოვს სხვა ადამიანის/ადამიანების საჭიროებას.

[1] მიშელ უელბეკი, სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2013, 74.

[2] მიშელ უელბეკი, სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2013, 75.

[3] მიშელ უელბეკი, სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2013, 75-76.

[4] მიშელ უელბეკი, სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2013, 76-77.

Advertisements

Comments are closed.